
თუ საზღვარგარეთ სწავლას აპირებთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ფინანსების მართვაა. ახალ ქვეყანაში, ახალ ვალუტასა და ახალ ცხოვრების წესთან ერთად, ფული ისეთივე სწრაფად ქრება, როგორც ახალი შთაბეჭდილებები გროვდება. სწორედ ამიტომ მოვამზადეთ რამდენიმე პრაქტიკული ფინანსური რჩევა, რომელიც სტუდენტური ცხოვრების დასაწყებად დაგეხმარებათ და ფინანსურ სტრესს მინიმუმამდე დაიყვანთ.
შექმენით საორიენტაციო ბიუჯეტი
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საორიენტაციო ბიუჯეტის შედგენაა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს თქვენს ყოველთვიურ შემოსავალს, იქნება ეს ოჯახის დახმარება, სტიპენდია, ნაწილობრივი სამუშაო თუ დანაზოგი, და ამავე დროს ყველა მოსალოდნელ ხარჯს: ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს, კვებას, ტრანსპორტს, სასწავლო მასალებს და გართობას. გაითვალისწინეთ ისეთი ხარჯებიც, რომლებიც შესაძლოა პირველ თვეებში მოულოდნელად წარმოიშვას, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევის დამატებითი ღირებულება ან სხვადასხვა სახის დეპოზიტი.
ბიუჯეტის შედგენისას იგი დაყავით ატეგორიებად და თითოეული კატეგორიისთვის დააწესეთ ცალკე ლიმიტი. მაგალითად, თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი 800 ევროა, შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ ბინის ქირაზე 400 ევრო გამოყოფთ, კვებაზე - 200, ტრანსპორტსა და სასწავლო მასალებზე - 100, ხოლო დანარჩენი 100 ევრო დანაზოგისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გადადებთ.
ისარგებლეთ სტუდენტური ფასდაკლებებით
უმეტეს ქვეყანაში სტუდენტები სარგებლობენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მუზეუმებსა და გალერიებში, კინოთეატრებში, კონცერტებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებზე, ასევე ბევრ კაფესა და რესტორანში. ეს ფასდაკლებები ხშირად 10-დან 50 პროცენტამდე მერყეობს და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან თანხას ზოგავს.
ამიტომ სასურველია მუდამ თან იქონიოთ თქვენი სტუდენტური ბარათი და შეამოწმოთ, გთავაზობთ თუ არა კონკრეტული დაწესებულება ფასდაკლებას. ბევრ ქვეყანაში ასევე არსებობს საერთაშორისო სტუდენტური ბარათები, რომლებიც მოქმედებს ათასობით ობიექტში მსოფლიოს მასშტაბით.
აღრიცხეთ თქვენი ხარჯები რეგულარულად
ბიუჯეტის შედგენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მისი შესრულების საწინდარი ხარჯების რეგულარული აღრიცხვაა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მობილური აპლიკაცია, რომელიც ავტომატურად აჯგუფებს ხარჯებს კატეგორიების მიხედვით და გაძლევთ ვიზუალურ სურათს, თუ სად იხარჯება ყველაზე მეტი თანხა.
ხარჯების აღრიცხვა გეხმარებათ დროულად შენიშნოთ, თუ რომელიმე კატეგორიაში დაწესებულ ლიმიტს უახლოვდებით, და შესაბამისად მოახდინოთ კორექტირება. გარდა ამისა, თვის ბოლოს ჩანაწერების გადახედვა საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ტენდენციები, მაგალითად, თუ შენიშნავთ, რომ კვირაში რამდენჯერმე შეკვეთით საკვების მიღება მოსალოდნელზე მეტ ხარჯს ქმნის, შეგიძლიათ დროულად შეცვალოთ ჩვევა.
დაზოგეთ ცოტ-ცოტა, მაგრამ თანმიმდევრულად
დანაზოგის შექმნა არ ნიშნავს დიდი თანხების გადადებას, ხშირად უფრო ეფექტურია მცირე, მაგრამ სტაბილური დანაზოგი. თუნდაც ყოველთვიურად მცირე თანხის გადადება თანდათან იქცევა მნიშვნელოვან რეზერვად, რომელიც გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს დაგეხმარებათ, იქნება ეს გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯი, მოულოდნელი მოგზაურობა თუ ტექნიკის შეკეთება.
ღირს ისიც გაითვალისწინოთ, რომ ბევრ ქვეყანაში სტუდენტებს საშუალება აქვთ ნახევარ განაკვეთიანი სამუშაოსთვის, თუ ვიზის პირობები ამის დაშვებას იძლევა. თუნდაც კვირაში რამდენიმე საათის მუშაობა დამატებით შემოსავალს ქმნის და ამცირებს ფინანსურ ზეწოლას. თუმცა მნიშვნელოვანია წინასწარ გადაამოწმოთ, რამდენი საათის მუშაობის უფლება გაქვთ თქვენი სტუდენტური ვიზის მიხედვით, რათა არ დაირღვეს ვიზის პირობები.
გახსენით ადგილობრივი საბანკო ანგარიში
ჩასვლისთანავე იზრუნეთ ადგილობროვი საბანკო ანგარიშის გახსნაზე. სხვა ქვეყნის ბარათით ყოველდღიური ხარჯვისას ხშირად გროვდება საკომისიო გადასახადები, სავალუტო კონვერტაციაზე, ბანკომატიდან თანხის გამოტანაზე თუ საერთაშორისო გადარიცხვაზე. ეს თანხები, თითო ოპერაციაზე შედარებით მცირეც რომ ჩანდეს, თვის ან სემესტრის ბოლოს საკმაოდ დიდ ჯამს ქმნის. ბევრი უნივერსიტეტი და ადგილობრივი ბანკი სთავაზობს სპეციალურ, ხშირად უფასო ან შემცირებული საკომისიოს მქონე ანგარიშებს სპეციალურად უცხოელი სტუდენტებისთვის.
დაგეგმეთ დიდი ხარჯები წინასწარ
ყოველდღიური ხარჯების გარდა, წინასწარ დაგეგმეთ სეზონური ან ერთჯერადი დიდი ხარჯებიც, მაგალითად როგორიცაა სახლში დაბრუნების ავიაბილეთი, სემესტრის დაწყებისას საჭირო წიგნები და მასალები და სხვა. ასეთი ხარჯების წინასწარ დაგეგმვა თავიდან გაცილებთ სიტუაციას, როცა მოულოდნელად დიდი თანხის გადახდა გჭირდებათ და ამისთვის საკმარისი დანაზოგი არ გაქვთ.
ისარგებლეთ საუნივერსიტეტო რესურსებით
ბევრი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ფინანსური სახის მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმას, რომელსაც ხშირად სტუდენტები ან საერთოდ არ იცნობენ, ან ბოლომდე არ იყენებენ. ეს შეიძლება იყოს დამატებითი სტიპენდიები, საგანგებო ფინანსური დახმარების ფონდები გაუთვალისწინებელი სირთულეების შემთხვევაში, უფასო საკონსულტაციო სერვისები ბიუჯეტის დაგეგმვაზე, ან თუნდაც უფასო სასწავლო მასალების ბიბლიოთეკა, რომელიც სახელმძღვანელოების ყიდვის საჭიროებას ამცირებს. ჩასვლისთანავე ღირს დრო დაუთმოთ საუნივერსიტეტო ვებგვერდის შესწავლას ან საერთაშორისო სტუდენტების ოფისისთვის მიმართვას, რათა გაარკვიოთ, რა სახის მხარდაჭერაზეა ხელმისაწვდომობა.
ფინანსური სტაბილურობა საზღვარგარეთ სწავლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ის საშუალებას გაძლევთ, ყურადღება სწავლასა და ახალ გამოცდილებაზე გაამახვილოთ, ფინანსური შფოთვის ნაცვლად. საორიენტაციო ბიუჯეტის შედგენა, სტუდენტური ფასდაკლებების აქტიური გამოყენება, ხარჯების რეგულარული აღრიცხვა და თანმიმდევრული დანაზოგი ერთად ქმნის მყარ საფუძველს ახალ ქვეყანაში ცხოვრების დასაწყებად. რაც უფრო ადრე ჩამოაყალიბებთ ამ ჩვევებს, მით უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად შეხვდებით სტუდენტური ცხოვრების ყველა გამოწვევას. დაიმახსოვრეთ, რომ ფინანსური დისციპლინა არ ნიშნავს თავშეკავებას ყველა სასიამოვნო გამოცდილებისგან - პირიქით, კარგად დაგეგმილი ბიუჯეტი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თავისუფლად შეძლოთ საზღვარგარეთული ცხოვრებით სრულყოფილად დატკბობა, ფინანსური შფოთვისა და მოულოდნელი სირთულეების გარეშე.