რა ემართება ჩვენ ვიზას თუ პასპორტი დავკარგეთ?

უკან
თარიღი: 4/1/2024
პასპორტივიზა

რა ფუნქციას ასრულებს პასპორტი?

პასპორტი პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის შეიცავს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს და ინახავს ინფორმაციას სამოგზაურო ისტორიის შესახებ. სტანდარტულად, მგზავრები ფლობენ ერთ პასპორტს. თუმცა, შესაძლებელია ერთი და იგივე პირი ასევე ფლობდეს ერთზე მეტ მოქმედ პასპორტს. თუ პირს ერთზე მეტი პასპორტი სჭირდება ერთსა და იმავე პერიოდში ვიზის მისაღებად, ან უცხო ქვეყანაში გასამგზავრებლად, ასეთ შემთხვევაში პასპორტი გაიცემა დაინტერესებული პირის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

სწორედ პასპორტია ის დოკუმენტი, სადაც სამოგზაურო ისტორიასთან ერთად, მგზავრზე გაცემული ვიზებია თავმოყრილი. არსებული გარემოებების გათვალისწინებით კი, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით გავუფრთხილდეთ ჩვენს პასპორტს, დავიცვათ ის დაკარგვის ან დაზიანებისგან. თუმცა, გარკვეული მიზეზების შედეგად, არასდროს ვართ დაზღვეული რომ პასპორტის ვადის გასვლამდე ის არ დაგვეკარგება ან არ დაგვიზიანდება.

რა ხდება მაშინ, როდესაც პასპორტი გვეკარგება ან ზიანდება?

ჩვენგან დამოუკიდებელი ან ჩვენზე დამოკიდებული მიზეზებით, პასპორტის დაკარგვის ან დაზიანების შესაძლებლობა არსებობს. დაზიანებული პასპორტის საზღვარზე წარდგენით კი ქვეყანაში შესვლას ვერ შევძლებთ. ასეთ დროს ახალი პასპორტის მისაღებად ვაკეთებთ განაცხადს შესაბამის ორგანოში. თუმცა, თუ ძველ პასპორტში ვიზა გქონდათ და ახალ პასპორტს აიღებთ, ვიზა ავტომატურად არ გადმოგყვებათ. რაც შეეხება განაცხადის საფუძველზე ვიზის გადატანას, ქვეყნების მიხედვით მიდგომები განსხვავდება.

აშშ-ს შემთხვევაში ვიზის გადატანა არ ხდება და სავიზო პროცესებს თავიდან გადიხარ. ყველა ეტაპის გავლის შემდეგ მიიღებთ ვიზაზე პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი თქვენს ახალ პასპორტში გექნებათ ვიზა.

კანადის ვიზის ვადა განისაზღვრება პასპორტის ვადით, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში კი, ვიზა არ გადადის ახალ პასპორტში.

ევროპის სასწავლო, სამუშაო ან ოჯახის შეერთების ვიზის ხანგრძლივობა არის 3 თვემდე. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, არსებული კატეგორიის ვიზის მფლობელები იღებენ ID რეზიდენტ ბარათებს, რომლებსაც აქვს ხანგრძლივი მოქმედების ვადა. ასეთ შემთხვევაში, თუ დაკარგავთ პასპორტს, პასპორტში არსებული 3 თვიანი სტიკერ ვიზის ქონა სავალდებულო აღარაა, რადგან მიღებული ID გაძლევთ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების მუშაობის და/ან სწავლის უფლებას.

ავსტრალიასა და ინდოეთში გასამგზავრებლად გვჭირდება ელექტრონული ვიზა, რომელსაც პასპორტში არ ურტყამენ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ელექტრონულ ვიზაში მითითებულია პასპორტის ნომერი, რის გარეშეც მოგზაურობა არ შეიძლება.

დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში კი ვიზის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძველი პასპორტის ფოტოებს ან დასკანერებულ ვერსიას ფლობთ.

მუდმივად იქონიეთ პასპორტის დასკანერებული ვერსია

აუცილებლად გააკეთეთ და შეინახეთ ძველი და ახალი პასპორტის დასკანერებული ვერსიები, საინფორმაციო, მათ შორის ვიზიანი და შესვლა-გამოსვლის ბეჭდებიანი გვერდები. თუ პასპორტის დასკანერებულ ვერსიას ფლობთ, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში ვიზის ახალ პასპორტში გადმოტანის პროცედურა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საწყის ეტაპზე, უნდა, გააკეთოთ პოლიციაში განაცხადი პასპორტის დაკარგვასთან დაკავშირებით
  • ავსებთ განაცხადს
  • იხდით სავიზო მოსაკრებელს
  • ჯავშნით ადგილს სავიზო განაცხადების ცენტრში
  • აბარებთ თითის ანაბეჭდებს

თითის ანაბეჭდების ჩაბარების შემდეგ კი ელოდებით პასუხს ვიზის ახალ პასპორტში გადმოტანასთან დაკავშირებით, პასუხს საშუალოდ 3-დან 4 კვირამდე აგვიანდება.

თუ პასპორტის დასკანერებულ ვერსიას არ ვფლობ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში სამოგზაურო ისტორიის დასადასტურებლად რაიმე გამოსავალი არსებობს?

პასპორტში არსებული ინფორმაციის აღდგენა შესაძლოა საერთოდ ვერ მოახერხოთ, ან დროში ძალიან გაგეწელოთ. მაგალითად, თუ იმოგზაურეთ გერმანიაში, არსებული ინფორმაცია ინახება გერმანიისა და საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად, არსებული სამოგზაურო ისტორიის აღსადგენად უნდა მიმართოთ როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის სასაზღვრო მომსახურებას, რაც დროში საკმაოდ იწელება. მოგზაურობის ისტორიის დადასტურება კი მხოლოდ პასპორტში არსებული ინფორმაციით ხდება. საქართველოს საზღვარი ინახავს ინფორმაციას თუ როდის დატოვეთ ქვეყანა და როდის დაბრუნდით. თუმცა, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იყავით, ამის შესახებ ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს საზღვრის კვეთის ბაზაში არ ინახება. https://www.sa.gov.ge/ არსებულ ბმულზე შეგიძლიათ ონლაინ გააკეთოთ განაცხადი, ან მიმართოთ თქვენთან ახლოს მდებარე მომსახურების სააგენტოს და მოითხოვოთ ბაზაში არსებული ინფორმაცია თქვენ მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ.

ამრიგად, თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესია ვიქონიოთ პასპორტის დასკანერებული ვერსია. რაც შემდგომში ბევრ უსიამოვნებას თავიდან აგვარიდებს და დაგვეხმარება როგორც სამოგზაურო ისტორიის შენახვაში, ასევე, ვიზის ახალ პასპორტში გადატანაში.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.