
თანამედროვე სამყაროში მიგრაციის ნაკადები სულ უფრო მზარდი და რთულად სამართავი ხდება, სახელმწიფოები ცდილობენ დააბალანსონ არსებული პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება. ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც ქვეყნები ამ ბალანსის დასაცავად იყენებენ, არის სავიზო დეპოზიტების ანუ ბონდების სისტემა.
მარტივად რომ ვთქვათ, სავიზო ბონდი არის ფინანსური გარანტია, ერთგვარი გირაო, რომელსაც ვიზიტორი ან მისი სპონსორი წარადგენს სახელმწიფოს წინაშე. ამ მექანიზმის მთავარი დანიშნულებაა იმ რისკების დაზღვევა, რაც დაკავშირებულია სავიზო რეჟიმის დარღვევასთან, მაგალითად, ქვეყანაში უნებართვოდ დარჩენასთან. თუ პირი კეთილსინდისიერად ასრულებს სავიზო პირობებს და დათქმულ დროს ტოვებს ქვეყანას, თანხა უკან ბრუნდება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში ის სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება.
ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში და რა სპეციფიკური მოთხოვნები არსებობს თითოეული მათგანისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატები
2026 წლის 2 აპრილიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში სავიზო ბონდის საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც აქტუალური ხდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წესით, 50 ქვეყნის მოქალაქეს (მათ შორის საქართველოს), რომლებიც სავიზო განაცხადს შეიტანენ B-1 (ბიზნეს), B-2 (ტურისტულ) ან B1/B2 ვიზებზე, მოეთხოვებათ სავიზო ბონდის წარდგენა.
ეს მექანიზმი ძირითადად მიმართულია იმ ქვეყნებისკენ, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში ვიზის ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელი აქვთ. საკონსულოში, ოფიცერს უფლება აქვს, ვიზის გაცემის პირობად დააწესოს ბონდის გადახდა, რომელიც, როგორც წესი, 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარს შეადგენს. თანხა ირიცხება დეპოზიტზე და მისი სრულად დაბრუნება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირი დაამტკიცებს, რომ მან აშშ-ის ტერიტორია დროულად დატოვა.
ავსტრალია
ავსტრალია სავიზო ბონდს ძირითადად „დასპონსორებული ოჯახური ვიზიტის“ ფარგლებში იყენებს. ამ შემთხვევაში, ბონდის მოთხოვნის გადაწყვეტილებას იღებს საიმიგრაციო ოფიცერი ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.
ავსტრალიური მოდელის თავისებურება ისაა, რომ ბონდის გადახდა ევალება არა თავად ვიზიტორს, არამედ მის სპონსორს, რომელიც, როგორც წესი, ავსტრალიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირია. თანხა ჩვეულებრივ მერყეობს 5,000-დან 15,000 ავსტრალიურ დოლარამდე. თუ ვიზიტორი დაარღვევს სავიზო პირობებს, მაგალითად, დაიწყებს მუშაობას ან არ დატოვებს ქვეყანას ვიზის ვადის ამოწურვამდე, სპონსორი კარგავს დეპოზიტს. ეს სისტემა აიძულებს ადგილობრივ სპონსორებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სტუმრის მიწვევას.
ახალი ზელანდია
ახალ ზელანდიაში სავიზო ბონდის მოთხოვნა ოფიცრის უფლებამოსილებაა. მას მაშინ იყენებენ, როდესაც არსებობს გარკვეული ეჭვი, აპირებს თუ არა პირი ქვეყნის დატოვებას ვიზის დასრულების შემდეგ, მაგრამ ეს ეჭვი არ არის იმდენად დიდი, რომ ვიზაზე პირდაპირი უარი ითქვას.
საინტერესოა, რომ ახალი ზელანდიის კანონმდებლობით, ბონდის თანხა უნდა ფარავდეს არა მხოლოდ პოტენციურ დეპორტაციის ხარჯებს, არამედ შესაძლო განთავსების ან სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებსაც. თანხა ირიცხება სპეციალურ ანგარიშზე და მისი დაბრუნება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ პირმა დატოვა ქვეყანა ან მიიღო ახალი ტიპის ვიზა, რომელიც ბონდს აღარ საჭიროებს. თუ პირი დაარღვევს პირობას, თანხა გადადის სახელმწიფო ფონდში.
ფილიპინები
ფილიპინების საიმიგრაციო სისტემაში ნაღდი ფულის დეპოზიტი მკაცრად რეგულირდება. ეს მექანიზმი ხშირად გამოიყენება იმ პირებისთვის, რომლებიც ითხოვენ სტატუსის შეცვლას ან სავიზო პირობების გახანგრძლივებას.
ფილიპინების საიმიგრაციო ბიუროს წესების მიხედვით, ბონდი წარმოადგენს გარანტიას, რომ უცხოელი დაიცავს ქვეყნის კანონებს და არ გახდება „სახელმწიფო ტვირთი“. თანხის ოდენობა ფიქსირებულია სხვადასხვა კატეგორიისთვის და მისი დაბრუნების პროცესი მოითხოვს ოფიციალურ განცხადებას და იმის მტკიცებულებას, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია. აღსანიშნავია, რომ თუ პირი ტოვებს ქვეყანას ბონდის დაბრუნების მოთხოვნის გარეშე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს თანხა შეიძლება ჩაითვალოს მიტოვებულად და გადავიდეს სახელმწიფოს საკუთრებაში.
ტაილანდი
ტაილანდის მიდგომა განსხვავებულია და ძირითადად ორიენტირებულია გრძელვადიან ვიზებზე, როგორიცაა “Non-Immigrant O-X” (10-წლიანი ვიზა). ტაილანდში ბონდი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ არის მხოლოდ ქვეყნის დატოვების გარანტიაა, არამედ პირის ფინანსური მდგრადობის დამადასტურებელი საბუთიც.
ვიზის მისაღებად, განმცხადებელმა ტაილანდურ ბანკში დეპოზიტზე უნდა განათავსოს მინიმუმ 3 მილიონი ბატი. კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს, რომ ეს თანხა ხელუხლებელი უნდა იყოს პირველი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პერიოდში მისი გარკვეული ნაწილის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ქვეყნის შიგნით (მაგალითად, სამედიცინო ხარჯებისთვის ან უძრავი ქონების შესაძენად). ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შემოსული პირი ფინანსურად დამოუკიდებელია და ქვეყნის ეკონომიკაში შეაქვს წვლილი.
სინგაპური
სინგაპურში სავიზო ბონდის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მკაცრია მსოფლიოში. ის ძირითადად ეხება არარეზიდენტ მუშაკებს, გარდა მალაიზიის მოქალაქეებისა.
დამსაქმებელი ვალდებულია თითოეული უცხოელი მუშაკისთვის წარადგინოს 5,000 სინგაპურული დოლარის ოდენობის ბონდი. ეს გარანტია იფარება მაშინ, თუ ირღვევა მუშაობის პირობები, მუშაკი დროულად არ დატოვებს ქვეყანას ან თუ დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს მუშაკის ხელფასის დროულ გადახდას. სინგაპური იყენებს ამ მექანიზმს, როგორც ბერკეტს, რათა როგორც დამსაქმებელმა, ისე დასაქმებულმა მკაცრად დაიცვან შრომითი და საიმიგრაციო კანონმდებლობა.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.