საშობაო განწყობა საკონსულოებში

უკან
თარიღი: 04.11.2026
ზოგადი

ამერიკის შეერთებული შტატები

შობის პერიოდში ამერიკული ქალაქები ნამდვილ ზღაპრულ დეკორაციად გარდაიქმნება. ნიუ-იორკი ამ დროს მსოფლიოს სადღესასწაულო ცენტრია. გრანდიოზული ნაძვის ხეები, განათებული ვიტრინები, ღია ყინულის მოედნები და თაიმს სქვერზე ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის

ყველას უნდა ახალ წელს აშშ-ში შეხვედრა, სწორედ ამიტომ ვიზაზე განაცხადის შეტანისას მთავარი ბარიერი გასაუბრების თარიღის დაჯავშნაა. წლის ბოლოს თავისუფალი ადგილები სწრაფად ივსება.

გარდა განაცხადების სიმრავლისა, გასათვალისწინებელია ორმაგი უქმეები: აშშ-ის საელჩო თბილისში ისვენებს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ეროვნულ დღესასწაულებზე. ნოემბრის ბოლოდან (გიორგობის დღესასწაული და მადლიერების დღე) იანვრის შუა რიცხვებამდე (ნათლისღება) საელჩოს სამუშაო კალენდარი საგრძნობლად შეკვეცილია. შესაბამისად, ადმინისტრაციულ დამუშავებასა და პასპორტის დაბრუნებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდება.

დიდი ბრიტანეთი

ლონდონი შობის დღესასწაულზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია. ოქსფორდ სტრიტისა და რეგენტ სტრიტის განათებები,Winter Wonderland ჰაიდ პარკში და ტრადიციული საშობაო ბაზრობები მდინარე ტემზის სანაპიროზე დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.

დიდი ბრიტანეთის ვიზას საქართველოს მოქალაქეები თბილისში მოქმედი სავიზო ცენტრის (VFS Global) მეშვეობით იღებენ. სტანდარტული განხილვის ვადა 3 კვირაა, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში ეს ვადა ხშირად იზრდება.

VFS Global-ის ცენტრი იხურება ბრიტანული და ადგილობრივი უქმეების დროს. თუ გაითვალისწინებთ, რომ შობისა და ახალი წლის დღეებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო უწყებები რამდენიმე დღით სრულად აჩერებენ მუშაობას, განაცხადის შეტანა მინიმუმ 2 თვით ადრეა რეკომენდებული.

ირლანდია

ირლანდია საშობაოდ განსაკუთრებულ სითბოსა და სიმყუდროვეს ასხივებს. დუბლინი გამოირჩევა ცოცხალი ქუჩის მუსიკით, თბილი ატმოსფეროთი და ტრადიციული ირლანდიური პაბებით, სადაც ბუხართან გლინტვეინითა თუ ადგილობრივი სასმელებით გიმასპინძლდებიან.

ირლანდიის სავიზო განაცხადების ჩაბარებაც VFS Global-ის მეშვეობით ხდება. სტანდარტულად ირლანდიის ვიზა ხასიათდება შედარებით ხანგრძლივი განხილვის ვადით (საშუალოდ 6-8 კვირა). წინასაშობაო პერიოდში, VFS-ისა და ირლანდიის საიმიგრაციო სამსახურის უქმეების გამო, ეს პროცესი შესაძლოა კიდევ უფრო გაჭიანურდეს.

კანადა

კანადა ზამთრის მოყვარულთა ნამდვილი სამოთხეა. თოვლით დაფარული ისტორიული ქალაქები, მასშტაბური საშობაო ფესტივალები და ყინულის შოუები ბუნებრივ ჩანჩქერებთან მოგზაურებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.

კანადის ვიზის მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროცესია. ბიომეტრიის ჩაბარების შემდეგაც კი, განხილვა შესაძლოა 1 თვიდან - 1 წლამდე გაგრძელდეს. წინასაშობაო პერიოდში განაცხადების რაოდენობა გლობალურად იზრდება, რაც კანადის საიმიგრაციო სისტემაზე დამატებით დატვირთვას ქმნის. თუ კანადაში ახალი წლის გატარება გსურთ, ვიზაზე ზრუნვა ახლავე უნდა დაიწყოთ.

ავსტრალია

თუ ტრადიციული თოვლიანი შობის ნაცვლად ზაფხული, მზე და ოკეანე გიზიდავთ, ავსტრალია იდეალური არჩევანია. ახალი წლის შეხვედრა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფეიერვერკით ოკეანის სანაპიროზე სრულად შეცვლის თქვენს წარმოდგენას ზამთრის დღესასწაულებზე.

ავსტრალიაში დეკემბერი-იანვარი ტურისტული სეზონის პიკია, რადგან სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს ზაფხულია. ონლაინ განაცხადების სისტემის მიუხედავად, განხილვის ვადები საგრძნობლად იზრდება სწორედ მოთხოვნის მკვეთრი მატების გამო. გარდა ამისა, ავსტრალიის საიმიგრაციო სამსახური შობა-ახალი წლის პერიოდში ოფიციალურად ისვენებს, რაც პროცესს დამატებით რამდენიმე კვირას ამატებს.

რჩევები მოგზაურებს

🔹 დაიწყეთ ადრე: ნუ დაელოდებით დეკემბრის მოსვლას. აშშ-ისა და კანადის შემთხვევაში პროცესი თვეებით ადრე დაიწყეთ, ხოლო ბრიტანეთისა და ირლანდიის შემთხვევაში - მინიმუმ 2-3 თვით ადრე.

🔹 გაითვალისწინეთ კალენდარი: შეამოწმეთ შესაბამისი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულები და VFS ცენტრების დასვენების დღეები.

🔹 მოამზადეთ საბუთები სრულყოფილად: წინასაშობაო გადატვირთულობისას ხარვეზიანმა საბუთმა შესაძლოა განაცხადის უარყოფა ან განხილვის კიდევ უფრო გაჭიანურება გამოიწვიოს.